Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირი, რომელსაც მეტროში პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, არასრულწლოვანია


პოლიციელის მიერ თბილისის მეტროში ნაცემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არასრულწლოვანია. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა.

ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

24 იანვარს „TV პირველმა" გაავრცელა თბილისში, მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ამსახველი კადრები. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც ძალადობის ფაქტი გადაიღო.

კადრებში ისმის ისიც, რომ პოლიციას ეუბნებიან, რომ მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

„ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ამბობს პოლიციელი და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.

ძალადობის კადრებში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიციის სხვა თანამშრომელი, თუმცა გავრცელებულ ფრაგმენტში ის კოლეგას არ აჩერებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს, მოხდა, პოლიციელი კი, რომელიც მოქალაქეზე ძალადობს, ამ ეტაპზე ისევ ირიცხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად.

საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე... საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ვკითხულობთ ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

XS
SM
MD
LG