კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა Covid-19-ის პანდემია ახალ ფაზაში შეიყვანა და შესაძლოა, ევროპაში პანდემიის დასრულება გამოიწვიოს. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ევროპა მიდის პანდემიის ერთგვარი, ბოლო ფაზისკენ.
კლუგეს თანახმად, მარტისთვის „ომიკრონით“ შესაძლოა, დაინფიცირდეს ევროპელების 60% და ამჟამინდელი აფეთქების ჩაცხრობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში იარსებებს ვაქცინაციით ან ადამიანების მიერ ინფექციის გადატანით გამოწვეული გლობალური იმუნიტეტი. ჰანს კლუგეს ვარაუდით, COVID-19 წლის ბოლოსთვის დაბრუნდება, თუმცა, პანდემია შესაძლოა, აღარ განმეორდეს. ამასთან, კლუგეს განცხადებით, ვირუსმა მსოფლიო არაერთხელ გააოცა, ამიტომ კვლავ დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ამასთან, როგორც BBC წერს, ჰანს კლუგეს მოსაზრებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა არ იზიარებს. ორგანიზაციის ექსპერტის, მარია ვან კერხოვეს შეფასებით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების კლება პანდემიას არ დაასრულებს, რადგან ვირუსი მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები შესაძლოა, უფრო საშიში აღმოჩნდეს.
"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, შედარებით მსუბუქ დაავადებას იწვევს.
ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: "ალფა", "ბეტა", "გამა", "დელტა" და "ომიკრონი".