Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის ორმა სოფელმა ვერ მიიღო დაპირებული თხევადი აირის უფასო ვაუჩერები


მუნიციპალური პროგრამა, რომლითაც თელავის მაღალმთიან სოფლებში, ლეჩურსა და თეთრწყლებში მოსახლეობას თხევადი აირის ვაუჩერები უნდა მიეღო, ჩავარდა. გასული წლის ზაფხულში, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროგრამა საკრებულოს ინიციატივით ხორციელდებოდა, მერიას 46 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი და 2021 წელს ორივე სოფელში 150-მდე ოჯახისთვის ყოველთვიურად 15 ლიტრი თხევადი აირის ვაუჩერების გადაცემა იგეგმებოდა.

„იმის გამო, რომ ეს სოფლები მოსახლეობისგან იცლება და კიდევ უფრო უარესი შედეგები არ დადგეს, ახალი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში ჩვენი ინიციატივა იყო, მოსახლეობას რამით დავხმარებოდით. რადგან ბუნებრივი აირი არ არის, გადავწყვიტეთ, მათთვის თხევადი აირი უფასოდ გადაგვეცა“, - განაცხადა 2021 წლის ივლისში თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

ბერდია არაბული, სოფელ თეთრწყლებში უკვე რამდენიმე წელია მერის წარმომადგენელია. მან დაგვიდასტურა, რომ მოსახლეობას თხევადი აირის ვაუჩერები ამ დრომდე არ მიუღია. მისი ინფორმაციით, მერიამ თხევადი აირის შესაძენად ტენდერი სამჯერ გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. არაბულს მერიიდან დაჰპირდნენ, რომ პროექტის განხორციელებას წელსაც შეეცდებიან.

„სოფელში ბუნებრივი აირის გაყვანის საკითხს მუდმივად ვაყენებთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, 3 მილიონ ლარამდე ჯდება. ამიტომ დაიგეგმა თხევადი აირის ვაუჩერების დარიგება. მითხრეს, რომ დაინტერესებული პირი მოიძიეს, რომელიც ტენდერში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მე მინდა, რომ თავად შევხვდე ამ ხალხს და ყველაფერი კარგად გავარკვიო. იმედია, არ განმეორდება შარშანდელი“, - თქვა არაბულმა.

თელავის მუნიციპალიტეტს 29 სოფელი აქვს და აქედან მხოლოდ ორში - ლეჩურსა და თეთრწყლებში, ბუნებრივი აირი არასდროს ჰქონიათ. მოსახლეობა, თითქმის 30 წელია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან სოფლის გაზიფიცირებას უშედეგოდ ითხოვს. ლეჩური მუნიციპალური ცენტრიდან 24, ხოლო თეთრიწყლები 18 კილომეტრით არის დაშორებული. სიშორე სახელდება იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომ სოფლებამდე ამ დრომდე ვერ მიიყვანეს გაზის მაგისტრალი. ადგილობრივთა დიდი ნაწილი, გასათბობად და საკვების მოსამზადებლადაც შეშას იყენებს.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კონკრეტულად რა გახდა პროექტის ჩავარდნის მიზეზი, რაში დაიხარჯა ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და რა იგეგმება მიმდინარე წელს? არც თელავის საკრებულოსა და არც მერიაში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. მერიის პრესსამსახურიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ ახალ პროექტზე მუშაობენ.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ლეჩურსა და თეთრიწყლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტოვებს და საცხოვრებლად სხვაგან მიდის. 2002 წელს ლეჩურში თუ 160-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის აღწერით 88 ადამიანი ბინადრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უქონლობაა.

ადგილობრივი ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პროექტის ჩავარდნა მოსალოდნელი იყო. "ლეიბორისტული პარტიის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოც და მერიაც უფუნქციოა და მათგან საქმის კეთების მოლოდინი არ არსებობს.

„უფასო ვაუჩერები თავისთავად კარგი ინიციატივაა, მაგრამ მხოლოდ ინიციატივით რა გამოდის? შეიკრიბება საკრებულო, გადაიღებენ სურათებს, რომ ვითომ რაღაცაზე მსჯელობენ. შემდეგ ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში დადებენ და ამით სრულდება ყველაფერი. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაც აქტივობაში ჩაეთვალოთ. რაც ხდება, მხოლოდ ქართულ ოცნებას არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას. თელავის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს 16 დეპუტატი და ხომ შეიძლება, რომ ერთ-ერთი გამოვიდეს და ამ პრობლემაზე მაინც ილაპარაკოს, ან ბრიფინგი გამართოს, ან რამე მოითხოვოს? თვის ბოლოს მხოლოდ ხელფასის აღებით საქმე არ კეთდება“, - ამბობს ნიკა ვარდოშვილი.

როდის განხორციელდება თეთრიწყლებისა და ლეჩურის მოსახლეობისთვის უფასო, თხევადი აირის მუნიციპალური პროგრამა, დაზუსტებით არავინ იცის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG