გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტების სახით ახალ ნიშნულებს აკეთებენ.
მათი თქმით, სოფელი დამატებით რამდენიმე ჰექტარ საძოვარს და ტყის მასივს დაკარგავს. ადგილობრივების გავრცელებულ ვიდეოში სამი პირი ჩანს.
კირბალელების აზრით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალი მონიშვნებით ტერიტორიას ახალი ბორდერიზაციისთვის ამზადებენ და მომავალში შესაძლოა იქ მავთულხლართები გაავლონ. სოფელ კირბალში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობაც ავრცელებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ქაცარავას ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული ფორმიანი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან აწარმოებს უკანონო სამუშაოებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ გადმოდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული პირები სოფლის სალოცავისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს სოფელ კირბალში ბორდერიზაციის ახალი ეტაპის დაწყებას. ხვალ, 20 იანვარს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც „ბორდერიზაციის“ გარდა საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელებენ. ცხინვალის იზოლატორში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აქვთ წაყენებული.