Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება შემაშინებელი გზავნილია უფლებადამცველებისთვის


გაეროს სააგენტოების ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და სინანულს გამოთქვამს საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. განსაკუთრებულ შეშფოთებას გაერო გამოხატავს, გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღების გამო და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმება შემაშინებელი სიგნალია ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტებისთვის.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“, - ვკითხულობსთ გაეროს განცხადებაში.

გაერო განცხადებაში ასევე ამახვილებს ყურადღებას სანაცვლოდ, ორი ინსტიტუტის შექმნის გადაწყვეტიულებაზე, ესენია სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და რეკომენაციებსაც სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას.

"შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის საქართველოში მისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ“,- ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

13 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

იმის მიუხედავად, რომ ხელი მოაწერა კანონის ახალ რედაქცია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის დაჩქარებული პროცესი, რომლითაც ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

კანონის მიღების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG