ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" მიმართ ტესტები, წინა შტამებთან შედარებით, ნაკლებად მგრძნობიარეა. ანუ შესაძლო ადამიანს ჰქონდეს ვირუსი და სიმპტომები და ტესტებით ვერ დადასტურდეს. დეტალებზე ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.
"საერთოდ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის, მაგრამ "ომიკრონის" მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე დელტა შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი, მარტივი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ჯერ ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა ნაკლებია ბევრად, სწრაფმა ტესტმა შესაძლოა ვირუსი ვერ დააფიქსიროს", - თქვა ცერცვაძემ.
ამ მიზეზის გამო მან მოქალაქეებს ურჩია ტესტირება სიმპტომების აღმოჩენის მეორე დღეს ჩაიტარონ.
"მაინც შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა პაციენტების და არის ასეთი, რომლებიც ვერც მეორე და მესამე დღეს პოზიტიურ ტესტს ვერ დებენ და აქვთ კორონავირუსი. ამ მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ ისინი თვითონ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მათ მოექცნენ ისე, როგორც კოვიდიანებს", - დასძინა მან.
საქართველოში უკვე აღრიცხულია "ომიკრონის" შტამით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70-80 პროცენტს "ომიკრონის" შტამი ექნება.
მანვე თქვა, რომ მეექვსე ტალღის პიკის დროს, რომელიც თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი, საქართველოში ერთი დღის განმავლობაში ვირუსით 60 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდეს, თუმცა მათგან ლაბორატორიულად მხოლოდ 20-30 პროცენტი, ანუ 10-15 ათასი დადასტურდება.