Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ყოფილი უშიშროების მინისტრი ძალადობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაშია ეჭვმიტანილი


ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, რაშიც უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი, ქარიმ მასიმოვია ეჭვმიტანილი. 6 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების კომიტეტის გავლენიანი ხელმძღვანელი. 8 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მასიმოვს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

მასიმოვი, რომელსაც ორჯერ ეკავა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 6 იანვარს დააკავეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა. თუმცა არ გავრცელებულა ცნობა, თუ რაში ედებოდა მას ბრალი.

ყაზახეთის უშიშროების სამინისტროს 13 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება გამოძიება სახელმწიფო ღალატის საქმეზე. უწყების ცნობითვე ამ საქმის ფარგლებში დამატებით მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება ძალაუფლების ხელშიც ჩაგდების ძალადობრივი ფაქტებისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გადამეტების შესახებ.

ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილის სტატუსით ყაზახეთში დაკავებულია ასევე სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე და ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური, ანუარ სადიკულოვი, რომელიც თანამდებობიდან მასიმოვთან ერთად იმავე დღეს გადააყენეს. დაკავებულია ასევე ყაზახეთის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი დავლეთ ერგოჟინი.

რადიო თავისუფლების ყაზახურმა სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ეს უკანასკნელი ყაზახეთის მთავრობის საიტზე ჯერ კიდევ იკავებს უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტზე, რომელზეც იგი 4 დღის წინ, 2022 წლის 9 იანვარს დაინიშნა.

XS
SM
MD
LG