რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, რომელიც ჟენევაში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების თაობაზე არ არის ოპტიმისტურად განწყობილი. ეს განცხადება მან 9 იანვარს გააკეთა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.
მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი, რომელზეც განიხილავენ რუსეთის მოთხოვნას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, 10 იანვარს გაიმართება ჟენევაში.
რიაბკოვის თქმით, მას რეალისტური მოლოდინი აქვს. მან „საგანგაშო“ უწოდა ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მომავალ „უკანასკნელ სიგნალებს“. რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის ამოცანაა, მოლაპარაკებები აწარმოოს დინამიკურად და „არ მისცეს საშუალება კოლეგებს აშშ-იდან და ნატოდან, ყველაფერი ეს დაამუხრუჭონ“.
ამასთან, როგორც აშშ-მა ადრე განაცხადა, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნება რიგი კონკრეტული შედეგები. კერძოდ, აშშ-მა მზადყოფნა გამოხატა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს ორი ქვეყნის ხელთ არსებულ სარაკეტო სისტემებზე და ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე. ასევე გამოხატა ზოგიერთი შეთანხმების მიღწევის იმედი, თუკი ორივე მხარე იკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს.
საქმე ეხება, მაგალითად, ვაშინგტონის უარს, სარაკეტო სისტემები განათავსოს უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ AFP-ს განუცხადა წყარომ აშშ-ის ადმინისტრაციიდან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ისედაც არა აქვს ასეთი რამ გადაწყვეტილი და თქვა, რომ რუსეთმაც უნდა იკისროს „სიმეტრიული“ ვალდებულებები.
9 და 10 იანვარს აშშ-რუსეთის ორმხრივ მოლაპარაკებებში ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი. 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 13 იანვარს კი ვენაში დისკუსია დაიწყება ეუთოში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკემბერში გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები.
ხელშეკრულების რუსულ პროექტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები კისრულობს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც წინათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ,“ ასევე არ შექმნის სამხედრო ბაზებს წინათ სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ნატოს შემადგენლობაში, არ გამოიყენებს მათს ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. ლაპარაკია აგრეთვე შეიარაღების განთავსების შეზღუდვებზე, მათ შორის საშუალო და მცირე რადიუსის სახმელეთო ბაზირების რაკეტებისა, ასევე ქვეყნის გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.
ვალდებულებების უდიდესი ნაწილი აშშ-ს ეხება. რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტში ლაპარაკი არ არის.
ნატოსთან შეთანხმების პროექტშიც ლაპარაკია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ნატოს გაფართოება, „მათ შორის უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების“ მიერთება, აგრეთვე ის, რომ უარი თქვან „ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ და საზღვრის მახლობლად მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებაზე.
2008 წელს ნატოს წევრებმა ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ მომავალში უკრაინა და საქართველო კავშირის წევრები გახდებიან. მათთვის დღემდე არ გაუგზავნიათ ფორმალური მიწვევა, მაგრამ ნატო აღნიშნავს, რომ კარი ღია რჩება და კიევსა და თბილისს საჭირო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დახმარებას უწევენ შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, აშშ კი კიევს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას აწვდის. ნატოში აღნიშნავენ, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.