სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა, წერია, რომ ის 30 დეკემბერს მომზადდა.
ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა. პირველად დასკვნის არსებობის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს.
"დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - წერია დასკვნაში, რომელიც 37 გვერდიანი დოკუმენტია, თუმცა მედიისთვის მხოლოდ მისი ნაწილი, 4 გვერდი გახდა ხელმისაწვდომი.
ამ დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც.
ექსპერტიზისთვის დასმული იყო რამდენიმე კითხვა:
- "რა არის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი და როდის დადგა ის"?
- "ალექსანდრე ლაშქარავას გვამს აღენიშნება თუ არა დაზიანებები (დადებით შემთხვევაში განისაზღვროს მათი განლაგება სხეულზე, ხალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიყენების მექანიზმი, ხანდაზმულობა და ხარისხი)"?
- "ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებამდე ჰქონდა თუ არა მიღებული ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, საძილე ან ქიმიურ მომწამლავი ნივთიერება"?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ორგანიზაციაში, რომელიც ლაშქარავას ინტერესებს წარმოადგენს გამოძიების პროცესში, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის არავის უცნობებია, რომ ექსპერტიზა დასრულდა.
ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის ივლისის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია. სიკვდილის შემდეგ გამართულ ბრიფინგზებზე უწყება მიანიშნებდა გარდაცვლილის ნარკომომხმარებლობის შესახებ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ლაშქარავას 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე თავდასხმისას მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, დანიშნულებად ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ჰქონდა გამოწერილი.