Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტი: კონტრტერორისტული აქცია უნდა გაგრძელდეს "ბოევიკების" სრულ განადგურებამდე


ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ შექმნილი "კონტრტერორისტული შტაბის" სხდომა. 2022 წლის 7 იანვარი
ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ შექმნილი "კონტრტერორისტული შტაბის" სხდომა. 2022 წლის 7 იანვარი

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად, აღდგენილია. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტოყაევმა დღეს, 7 იანვარს დილით გამართულ "კონტრტერორისტული შტაბის" სხდომაზე ისიც თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა „ტერორისტები ისევ იყენებენ იარაღს და ზიანს აყენებენ მოქალაქეთა ქონებას“. ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, „კონტრტერორისტული აქციები უნდა გაგრძელდეს ბოევიკების სრულ განადგურებამდე“.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობითვე, შტაბის სხდომაში მონაწილეობდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების განცხადებით, ყაზახეთში ჩასვლა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული სამშვიდობო კონტინგენტის ქვედანაყოფებმა, რომელთა ძირითადი ფუნქციაა სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.

4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ინფორმაციით, 5 და 6 იანვარს, ალმათიში მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების გარდა იყო მაროდიორობის და სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დარბევის და დაწვის ფაქტები.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია". პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სპეცოპერაციის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ალმათიში მასობრივ არეულობებს აწყობენ "ნამდვილი ტერორისტების" დაჯგუფებები, რომლებმაც "სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და ყაზახეთზე მათი თავდასხმა აგრესიის აქტად უნდა განიხილონ". ვინ იყვნენ ამ დაჯგუფებებში და სად მოემზადნენ, ტოყაევს არ უთქვამს.

დღეს, 7 იანვარს ყაზახეთის შსს-მ განაცხადა, რომ ქალაქ ალმათიში ყველა ადმინისტრაციულ შენობას სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. 6 იანვარს ქალაქის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ლიკვიდირებულია მასობრივი არეულობების ათეულობით მონაწილე. დღეს, 7 იანვარს სააგენტო „ინტერფაქსი“ ყაზახეთის შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ლიკვიდირებულია 26 დამნაშავე, კიდევ 18 დაჭრილია“. შსს-ს ცნობითვე, დაკავებულია 3 ათასზე მეტი პირი.

5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. 6 იანვარს, ამ ორგანიზაციამ ყაზახეთში გაგზავნა "კოლექტიური სამშვიდობო ძალები", სადაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროები სჭარბობენ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.

XS
SM
MD
LG