Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილის თქმით, პარტიაში მსჯელობენ პარლამენტში შესვლის საკითხზე


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში მსჯელობენ პარლამენტში შესვლის საკითხზე. რაც შეეხება თავად ნათელაშვილის პოზიციას, მან თქვა: „მე ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ სკამებზე ჯდომით და პრივილეგიებით, არამედ გვინდოდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვეხსნა გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან, უბედურებისგან, სიკვდილისგან, ტრაგედიისგან, მილიარდერის ხროვის ბატონობისგან, მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე, მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევნის შედეგს ვიმკით. ჩემი, ერთი კაცის შესვლა შეიძლება, ოცნება იყოს?!“

შალვა ნათელაშვილის აზრით, ახალი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა „შარლ მიშელის დოკუმენტს“ და პარლამენტში შევიდა.

„არავის ახალი არჩევნები არ უნდა. ხელისუფლებასაც არ უნდა ცხადია, ხელისუფლებიდან წასვლა. ახალი არჩევნები არ უნდათ პარლამენტში შესულ იმ პარტიებს, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ შეიძლება, ახალი არჩევნების დროს აღარ მოხვდნენ პარლამენტში. ერთი-ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი, გამოვა იქიდან, მაგრამ 98% იქიდან გამომსვლელი არ არის, - აღნიშნა ნათელაშვილმა და დაამატა, - პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვამბობ. რამდენჯერ მოუწოდა სააკაშვილმა გამოდითო, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა ისევ დათმობაზე წასულიყო. ახლა ისევ უთხრა, ჩემი წამების კომისია შექმენითო“.

შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში არშესვლის გამო პარტიას წაართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა, ყველაფერი, მაგრამ მას არ მიუღია უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება.

„ახლა, რომ ვუყურებ ამ ყველაფერს, პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ“, - თქვა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ლეიობორისტულმა პარტიამ" პარლამენტის წევრის ერთი მანდატი მოიპოვა. პარტიული სიის პირველმა ნომერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით განცხადება დაწერა, თუმცა პარლამენტმა არ დაუკმაყოფილა. ნათელაშვილი დღემდე არ შესულა პარლამენტში.

XS
SM
MD
LG