Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან მოლაპარაკების წინ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებთან ჟენევაში დანიშნულ შეხვედრაზე ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 5 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრისას შერმანმა დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, აშშ ისევ მოუწოდებს რუსეთს, საკუთარი ჯარი გაიყვანოს ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უენდი შერმანმა და დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა დაცული იყოს სუვერენული ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე მხარი დაუჭირონ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ევროპაში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების გზები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა და უენდი შერმანმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები და რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა კოორდინაციისა და აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის და ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ ინფორმაციის გაზიარებისთვის.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და სრულიად მიუღებელია რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ასევე, ითქვა, რომ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

10 იანვარს, ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე. 12 იანვარს ბრიუსელში უნდა ჩატარდეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს დისკუსია ეუთოში დაიწყება.

XS
SM
MD
LG