Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრას მტკიცე პასუხი გაეცემა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა პრეზიდენტებს შორის 30 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

საკის თანახმად, პრეზიდენტმა ნათლად განმარტა, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს და პარტნიორებს ექნებათ მტკიცე პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება.

თეთრი სახლის პრესმდივნის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარი დაუჭირა დიპლომატიურ პროცესს, რომელიც იანვარში დაიწყება. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დიალოგს სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას და ეუთოს ფარგლებში დაგეგმილ მოლაპარაკებას. ჯენ საკის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ დიალოგის პროცესში არსებითი პროგრესი შესაძლებელი იქნება მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში.

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების გარდა, მედიასაშუალებები, მათ შორის Reuters-ი და BBC ავრცელებენ თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ანონიმურობის დაცვის პირობით მიღებულ კომენტარს. წყაროს თანახმად, პუტინთან საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა დაასახელა ორი გზა, რომლებსაც აშშ აირჩევს რუსეთის შემდგომი ქმედებების მიხედვით - ან დიპლომატია, ან რუსეთის შეკავება მისთვის სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზარალის მომტანი უპრეცედენტო სანქციებით და ნატოს გაძლიერებით.

ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო, უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის მოლაპარაკება. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

XS
SM
MD
LG