რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი უნდა იყოს მყარი სამართლებრივი გარანტიები, რათა გამოირიცხოს აღმოსავლეთისკენ ნატოს წინსვლა და რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს შეიარაღების განთავსება. ამის შესახებ საუბარია პრესრელიზში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის 30 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
კრემლის თანახმად, „აქცენტირებული იყო, რომ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის მკაცრად დაცვის საფუძველზე“.
პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ასევე, იმას, რომ ვაშინგტონს არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე დამრტყმელი, შეტევითი შეიარაღების განთავსების განზრახვა.
კრემლის ცნობითვე, რუსულმა მხარემ ამომწურავი პასუხი გასცა ბაიდენის მიერ ისევ ნახსენებ, მასშტაბური სანქციების ვარიანტს უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში. კრემლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ ეს იქნება "უსერიოზულესი შეცდომა", რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს ფაქტობრივად, სრულად გაწყვეტით ემუქრება.
კრემლის ცნობითვე, პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას დადასტურდა, რომ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკება 9-10 იანვარს, ჟენევაში გაიმართება, 12 იანვარს ჩატარდება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა და 13 იანვარს დისკუსია დაიწყება ეუთოში.
რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ და ნათლად განუმარტა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება, აშშ-ს და მის მოკავშირეებს და პარტნიორებს მტკიცე პასუხი ექნებათ. ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთის ინიციატივით, 30 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო, უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.
17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.