ყახაზეთში გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომა მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებმაც სხვა რეგიონებიც მოიცვა.
საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს დადგენას. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყებოდა, საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა.
4 იანვარს, დემონსტრანტებმა სცადეს იერიში ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ალმათის(ყოფილი ალმა-ათა) მერიის შენობაზე. შსს-ს ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და 200-მდე ადამიანი დააკავეს.
გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმათიში 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.