საქართველოს სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ პროცესში არ ჩანდა იყო თუ არა ჩართული სახელმწიფო კონსილიუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო შეიქმნა. სპეციალურ განცხადებაში ომბუდსმენი კიდევ რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
- "ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა";
- "პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ";
- "[ეტაპირების] გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს".
"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანა რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ დილით დაადასტურა. სააკაშვილი ნახეს მისმა ადვოკატებმა.
ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით გადაიყვანეს.
"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, იგი იყო დაუძლურებული, მას მიაკითხეს ეტლით, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა - გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული... წამოსვლის წინ უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავში, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის წამებით დამუქრება... მუქარა ყოველთვის დაკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლება არ დაუტოვეს", - თქვა გვარამიამ.
ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.