უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმ დროს გადაიყვანეს, როცა "ყველას სძინავს". ვიდეომიმართვა იასკომ "ფეისბუკზე" წუხელ იმ დროს გაავრცელა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად დადასტურებული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავში გადაიყვანეს.
"ეს ყველაფერი ისე ცინიკურად გაკეთდა იმ დროს, როცა ყველას სძინავს, როცა საქართველოში ღამის სამი საათია, როცა სხვა ქვეყნებში, უკრაინაში ღამის პირველი საათია, როცა ევროპაშიც არდადეგებია, რათა რეაქცია ძალიან სწრაფი არ ყოფილიყო. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულებრივი ქმედებები რაც ახლა ხდება, [იმიტომ ხდება] რათა ადამიანი უბრალოდ მოკლან...
საერთოდ რა საჭიროა ეს?! ეს იმდენად აბსურდულია, იმდენად საშინელია ჰყვებოდე, რომ ის ჯანმრთელადაა... მე შესანიშნავად ვიცი, როგორ მდგომარეობაში იყო ის რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მის წინააღმდეგ დამატებით ძალადობას მიმართეს", - თქვა იასკომ.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ. შეხვედრის შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მას სიარულში ბადრაგის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.
"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, იგი იყო დაუძლურებული, მას მიაკითხეს ეტლით, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა - გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული... წამოსვლის წინ უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავში, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის წამებით დამუქრება... მუქარა ყოველთვის დაკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლება არ დაუტოვეს", - თქვა გვარამიამ.
ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.