მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილი ხალხი სკანდირებდა: „სირცხვილი! სირცხვილი!..“
სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსკოვის პროკურატურამ. იუსტიციის სამინისტრო და პროკურორები აცხადებდნენ, რომ ცენტრი „მემორიალი“ სისტემატურად მალავდა ინფორმაციას უცხოეთის აგენტის ფუნქციის შესრულების შესახებ, კერძოდ, სათანადო მარკირებას არ უკეთებდა თავის პუბლიკაციებს. პროკურორის თქმით, რუსეთის მოქალაქეებში ეს დეპრესიას იწვევს.
გარდა ამისა, სარჩელიდან ჩანს, რომ პროკურატურამ უფლებადამცველი ცენტრის პუბლიკაციებში აღმოაჩინა „ტერორიზმის გამართლების ნიშნები“. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ უფლებადამცველი ცენტრი „მხარს უჭერდა ყველა საპროტესტო გამოსვლას“ და ხელს უწყობდა რუსეთის სასამართლოების მიმართ „უარყოფითი აღქმის ჩამოყალიბებას“.
ასევე „მემორიალს“ ბრალს სდებენ პარტნიორულ ურთიერთობებში უფლებადამცველ პროექტ „ოვდ-ინფოსთან“, რომელიც, ბრალდების თანახმად, ექსტრემიზმს ამართლებს.
უფლებადამცველებმა უარყვეს მათი მისამართით გამოთქმული ყველა პრეტენზია.
„30 წლის განმავლობაში მთელი ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო რუსეთის მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვისკენ. [მისი აკრძალვა] დაადასტურებს, რომ პოლიტიკური დევნა [სახელმწიფოს პოლიტიკის] ერთ-ერთი სისტემური ფაქტორია“, - თქვა უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჩერკასოვმა.
დებატებში გამოსულმა ადვოკატმა ლილია ნოვიკოვამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ მოსარჩელეები თავიანთ უფლებას ბოროტად იყენებენ, რომ „საერთაშორისო მემორიალისა“ და უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ სარჩელის ერთსა და იმავე დღეს შეტანა არ არის შემთხვევითობა და რომ ორგანიზაციის ლიკვიდირება პოლიტიკური მოტივებით სურთ.
ადვოკატმა მარია ეისმონტმა აღნიშნა, რომ პროკურატურის არგუმენტები და ის, თუ რამდენად დასცილდა ის სასარჩელო მოთხოვნებს, ადასტურებს, რომ პროცესს „მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ხასიათი“ აქვს.
გუშინ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ. მას და ამავე სახელის მქონე უფლებადამცველ ცენტრს რუსეთის ხელისუფლება უცხოეთის აგენტებად მიიჩნევს.
ხელისუფლების მოთხოვნას, გააუქმოს რუსეთის ერთ-ერთი უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია, შეეწინააღმდეგა ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერები, მწერლები და მუსიკოსები, ასევე აშშ, ევროკავშირი და ევროპის საბჭო.