Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტროლოგიური პროგნოზი უკუღმა


ასტროლოგიურ პროგნოზს, როგორც წესი, დამდეგ წელზე აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე გავლილზე გავაკეთეთ. ვინ როგორ გაატარა და გადაიტანა 2021 წელი?

ვერძი

მარტო 2021 წელს კი არა, რაც სოფლებში გლეხებმა მიწები შემოღობეს, მას შემდეგ ვერძები სულ მშივრები არიან, საძოვრები აღარ დარჩათ. ბევრი ძველ დროს მისტირის, ზამთარში აზერბაიჯანის იალაღებზე დავდიოდით, გაზაფხულზე კი ისევ უკან ვბრუნდებოდით მერცხლებივითო. აბა, ესაა საქმე, ფარა გვქვია და კაპიკი ფული არა გვაქვსო. ამ ლაპარაკს კურო თუ ისმენს, აუცილებლად გაიხსენებს, როგორ გადაფრინდებოდა ხოლმე 37 მანეთად რუსეთში ქალებთან. ვერძებიც თავს დაუქნევენ ცხვრებივით და გააგრძელებენ ერთად წუწუნს. წელსაც ასე იყო, გაისადაც ასე იქნება.

კურო

კუროს სინამდვილეში საშინელება სჭირს. კოვიდპანდემიის დროს სახლში ჯდომამ და ჭამამ ისე გაასუქა, საკუთარ თავს სულ ძროხას ეძახის. თან ყველაფერი გაძვირდა, ადრე იაფად თუ სუქდებოდა, ახლა ამაში მთელ ხელფასს იხდის. ამასწინათ მშვილდოსანმა შეუარა და წითელი ნაჭერი უფრიალა, იქნებ გამომეკიდოს და ერთი ფუნთუშის კალორია მაინც დაწვასო. გაგიგია?! ჩლიქზე კიდია ყველაფერი. მგონი დეპრესიაც სჭირს, მაგრამ ეგ ისეთი კეთილია, თავისით ვერ მიხვდება.

ტყუპები

ეს ორი ერთმანეთს ისე ჰგავს, 9 წელია მარტო თვითონ იციან, რომელი რომელია. 9 წელია ვერ გაარკვიეს, რომელს რომლის ტანსაცმელი აცვია, რომელი რომლის სათამაშოებით თამაშობს და ვინ ვის საჭმელს ჭამს. ამ გაწამაწიაში უკვე ცხრაჯერ გაიტეხეს თავები, ოცდაცხრაჯერ მოხვდნენ საავადმყოფოში, ორჯერ არასრულწლოვანთა კოლონიაში, ხუთჯერ გარიცხეს ბაღიდან, სამჯერ - სკოლიდან... ასევე სამჯერ ჩარეცხეს მეზობლები, ორჯერ გააჩინეს ხანძარი, ოთხჯერ ააფეთქეს ტელევიზორი, დაკარგეს ძაღლი, გაექცათ კატა...

ზაზუნა, მართალია, დარჩათ. გალიაში ზის და მათი შემყურე ყოველდღე ზაზუნას დღეს გადის.

კირჩხიბი

ამ საწყალს მთელი წელი ნერვები ეშლებოდა (დაბოღმებით კი მაინც მორიელი დაიბოღმა), ჯერ იყო მისი საყვარელი მუზეუმი სადღაც გადაიტანეს და ექსპონატების ნახევარს ვეღარ მიაგნო. მერე ყველამ შიმშილობა გამოაცხადა და მის კულინარიულ შედევრებს ვინ ჩივის, ფაფებიც კი გადაასხმევინეს. ის იყო ბებიის ტანსაცმელი გადაიცვა და „ასტრაზენეკათი“ აიცრა, რომ იმდენი „ფაიზერი“ შემოიტანეს, თითო ასაცრელზე ოთხი ნემსი მოდიოდა (აი, ზოგ აქციაზე მომიტინგეებზე მეტი პოლიციელი რომ დგას ხოლმე, ხომ გინახავთ). „ფაიზერიც“ გაიკეთა, მეორე „ფაიზერიც“, მაგრამ საზღვარგარეთ მაინც ვერ მიდის, აცივდა უკვე და ახლა ეგ სახლიდან ცხვირის გამყოფია?!

ლომი

ამან, მართალია, ექთანი შეჭამა და ექიმს ხელი მოაგლიჯა, მაგრამ მაინც გაიძახის, ანტივაქსერი არა ვარო. რომ კითხო, „ფაიზერითაც“ აიცრა, აბა, მთელი დღე კინოში და კინოს ბარში რომ ზის „როგორ შეუშვებდნენ“? როგორ შეუშვებდნენ და თანამშრომელია, ჰოლივუდის ფილმები მაგის ღრიალის გარეშე არ იწყება.

ქალწული

ესენი წესრიგის მოყვარული, აკურატული და დისციპლინირებული ხალხია. სამუშაოს პასუხისმგებლობით და ყურადღებით აკეთებენ. ცხრაჯერ გაზომავენ, ერთხელ გაჭრიან და ისიც ისე, თუ რამე, დაკერება არ გაუჭირდეთ. ამ ოცი წლის წინ შარიანმა მშვილდოსანმა დეკემბერში სექსი აკრძალა და მას მერე საქართველოში ქალწულები აღარ იბადებიან. თუ შემთხვევით მაინც გაჩნდა რომელიმე შვიდთვიანი ბავშვი, წლამდე გერმანიაში მიდის და სიარულს იქ სწავლობს.

სასწორი

ესეც დაკარგულია. ამბობენ, მოსამართლეებმა სახლში წაიღეს და ბაზრობაზე ნაყიდი ყველის ასაწონად იყენებენო. ალბათ, ასეც იქნება.

მორიელი

ეს, დემნა გვასალიას ტანსაცმელივით შავი სული, წელს ფაქტობრივად უმოქმედოდ იყო. ჰოროსკოპის სხვა ნიშნებში ძნელმა დრომ ისეთი ბნელი მხარეები გააღვიძა, სამყარო ღრიანკალებისგან აფუთფუთებულ უდაბნოს დაემგვანა. ის კი პირიქით, საკუთარ არსებაზე ამაღლდა, არწივად იქცა და საით გაფრინდა, კაცმა არ იცის. ამბობენ, ბოლოს თუშეთის თავზე ნახეს, დრონებს იჭერდა და ბუდეში მიჰქონდაო. ალბათ მართალია, მორიელი რომ იყო, მაშინაც დაახლოებით ასე იქცეოდა.

მშვილდოსანი

ეს ნატოში არ მიიღეს. ახლა სამშვილდეში თხილის ტოტებისგან მშვილდებს თლის და ისრებს ჭედავს. ზუსტად იცის, ოდესღაც მტრის ჯაჭვის პერანგსაც გაერღვევა იღლია (სიმღერაც კი დაწერა ამაზე). აი, მაშინ გამოჩნდება, ვისი ისარი უფრო შორს მიფრინავს ამ ცხოვრებაში.

მერწყული

მისი რევოლუციური იდეებიდან ყველზე მეტად, მართალია, სარეცხი მანქანა დაფასდა, მაგრამ მომავლის სამყაროზე ფიქრს მაინც არ ეშვება და ათას რამეს ჩხირკედელაობს. უკვე გამოიგონა იორკების ამომცნობი აპარატი; ტროლების ბოტებად გარდამქმნელი ინტერფეისი; ვეგანური წიგნები გემოვნებიანი მკითხველისთვის; არომატული საპონი კორონავირუსის წინააღმდეგ; საახალწლო აპლიკაცია „ნეტა, რა იქნება“ და პრემია კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გუშინ რომ ვნახე, კანდიდატების სიას ადგენდა და თან მანდარინის ქერქების მურაბას ხარშავდა გაზქურაზე.

მერწყული
მერწყული

თხის რქა

მართალია ყველა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, მაგრამ ეს მაინც მთელი წელი სამსახურში იჯდა. სახლში წასვლა ისე ესიკვდილებოდა, მორიელი დაეჭვდა, ნეტა კარადაში გვამი ხომ არა აქვს შენახულიო. თავისი კარადაც კი შეამოწმა, ჩემი ხომ არ წაიღოო. ფეხზე გადაიტანა კორონაც, ეკონომიკური კრიზისიც და ოჯახური ბედნიერებაც. ორი ტრენინგიც გაიარა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად, ფულიც გვარიანად დააგროვა, მაგრამ რას დახარჯავს?! ასეთი მფლანგველი რომ იყოს, თავის დაბადების დღეს ახალ წელს კი არ დაამთხვევდა.

თევზები

რაც კოვიდპანდემია დაიწყო, მას შემდეგ „შპროტის“ ქილაში არიან ჩამალულები და მტკვარს აღმა-დაღმა დაჰყვებიან. ახლა განსაკუთრებით რთული დრო უდგათ, მარხვაა და ყველა მათ დასდევს ანკესით. თუ გადარჩნენ და რომელიმე მონასტრის სუფრაზე არ აღმოჩნდნენ, ახალ წელს შეიძლება სტუმრადაც წავიდნენ, შამპანურიც გახსნან, დათვრნენ და იმდენი ილაპარაკონ, რამდენსაც მხოლოდ სახლის ტელეფონზე ლაპარაკობდნენ საბჭოთა ეპოქაში. მათ ლაპარაკში ნეპტუნი მერვე სახლში შევა, მარსი - მეშვიდეში, შავი მთვარე - მესამეში...

მოკლედ, ყველა სახლში შევა... მათ გარდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG