Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „მემორიალის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო


28 დეკემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო ადამიანის უფლებების საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამას მოითხოვდა რუსეთის გენერალური პროკურატურა, რომელიც ორგანიზაციას "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონის სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებდა.

დასკვნით სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საზოგადოება „ცრუ წარმოდგენას ქმნის საბჭოთა კავშირის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს შესახებ, ათეთრებს და ნაცისტი დამნაშავეების რეაბილიტირებას ახდენს“.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთს არ ჰქონდა ორგანიზაციის ლიკვიდაციის კანონიერი უფლება. ასობით რუსმა და უცხოელმა კულტურის მოღვაწემ, ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ასევე ცნობილმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა შეწყვეტილიყო "მემორიალის" დევნა.

დეკემბრის დასაწყისში ევროსაბჭომ რუსეთს მოუწოდა შეეჩერებინა "მემორიალის" ლიკვიდაციის პროცესი.

საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და უფლებადამცველი საზოგადოება „მემორიალი“ 2016 წელს შეიტანეს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში, ცენტრი "მემორიალი" კი -2014 წელს.

მიმდინარე წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მოხდეს უფლებადამცველი საზოგადოება „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაცია. ასევე მოსკოვის პროკურატურამ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით „მემორიალის“ ლიკვიდაციის თაობაზე, ორგანიზაციის მიერ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის სისტემატური დარღვევის გამო. კერძოდ, ორგანიზაციას ედავებიან იმას, რომ ის თავის მასალებს არ უკეთებს მარკირებას, რომ ისინი „უცხოეთის აგენტის“ მიერაა მომზადებული.

XS
SM
MD
LG