სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელსაც დეკრეტული შვებულებიდან მოუწია დაბრუნება, მისი უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტის წევრების სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.
"15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება ისეთი პრეცედენტი, რომ გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელსაც ეს ეხებოდა. მე მაინტერესებს ამხელა რეფორმაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი[რატომ არაა ჩართული] და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს...
ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ პატივისცემას არის მოწყვეტილი..." - თქვა თოლორაიამ.
მან გაიხსენა, რომ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, 8 ან 9 დეკემბერს, პარლამენტს აცნობა, რომ შეიმუშავა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო წინადადება, რაზეც საკანონმდებლო უწყებიდან აცნობეს, რომ "დატვირთულები იყვნენ".
"თურმე ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზე, არამედ მთელ უწყებას აუქმებს. ეს დამოკიდებულება პირადად მე ან სახელმწიფო ინპექტორმა რითი დავიმსახურეთ, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ?!
მე თურმე აგერ წინადადებაზე ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხოდ წერთ გაუქმებაზე - მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა, ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა მინიმუმ...
მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამ პროცესში მონაწილეობას. ამისთვის ცალკე ძალიან "დიდი მადლობა". "უღრმესი მადლობა", რომ ინსპექტორს არ მიეცა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის", - თქვა ლონდა თოლორაიამ.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
როგორც ეს ამ უწყების ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, ინფორმაცია მედიასაშუალებიდან გახდა მისთვის ცნობილი.