"ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი უწყების შექმნის კანონის დაჩქარებულად განსახილველად პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაშალა. სხდომაზე, რომელიც ჩაიშალა, ოპოზიციის მიერ ამავე უწყების გარდაქმნასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.
"მოგესალმებით, საქმე იმაშია, რომ 10 საათზე იწყება ჯანდაცვის კომიტეტი, იურიდიული კომიტეტი იწყება, სხვა კომიტეტებიც იწყება. ფაქტია, რომ ბიურო არ შედგა. ბიურო არ შედგა - მე პირადად ვხედავ პოლიტიკურ ინტერესს, გარკვეული საკითხების განხილვის დაწყებისა კომიტეტში. ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება... ბიურო კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა დღეს დილას", - თქვა გია ვოლსკიმ, სხდომის თავმჯდომარემ.
ბიუროს სხდომის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, მათ შორის უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა". დღევანდელ, 28 დეკემბრის სხდომას კი მხოლოდ "ქართული ოცნების" 5 დეპუტატი ესწრებოდა, ოპოზიცია - არა.
სხდომის ჩაშლის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ეს იყო მათი მხრიდან გადადგმული შეგნებული ნაბიჯი, რათა ხელი არ შეშლოდა მათ გეგმას.
"ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სწორედ იმის გამო, რომ ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც ამას დავუპირისპირდით იმით, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც, ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო. ჩვენ ნამდვილად ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ბიუროს ჩატარება ვცადეთ და ვერ ჩავატარეთ. პირიქით, ასეთ მცდელობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია...ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა, ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა", - თქვა მდინარაძემ.
ამ საკითხზე კამათი საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზეც გაგრძელდა. ოპოზიცია, მათ შორის "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ითხოვდა ხელახლა ჩანიშნულიყო ბიუროს სხდომა. "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ მას შეახსენა, რომ ბიუროს სხდომას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ნაცვლიშვილის თქმით, იმის გამო, რომ იქ არ მივიდა "ქართული ოცნების" უმრავლესობა, სხდომა ოპოზიციის სრული შემადგენლობის ყოფნის მიუხედავად, კვორუმის არარსებობის გამო, ჩაიშლებოდა.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
პარლამენტის ბიურომ 27 დეკემბერს მსვლელობა მისცა უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ამასთან, ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას. პარლამენტის ბიუროს 27 დეკემბრის სხდომაზევე "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ "ლელოს" სახელმწიფო ინსპექტორზე "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტის ალტერნატიული ვერსიის წარდგენა სურდა. საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უნდა ემსჯელა.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფიქრობს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამო პარლამენტმა, "ქართულმა ოცნებამ", ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
"სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის წევრების ["ქართული ოცნების"] მიერ კომენტარებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იქნა ნათქვამი და დღეს უკვე ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად", - თქვა ლონდა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი მაშინ დაარეგისტრირა, როცა ის დეკრეტულ შვებულებაში იყო, რამდენიმე დღით ადრე კი შვილი შეეძინა. მან საგანგებო ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მმართველმა პარტიამ კანონპროექტის დარეგისტრირება დროში დაამთხვია საახალწლო პერიოდს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების უმრავლესობა შვებულებაშია.
"რატომღაც, დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.
რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად", - თქვა ლონდა თოლორაიამ.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ. მეტიც, პრემიერმა, ეჭვების გასაფანტად, მას "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" მუშაობა შესთავაზა.