Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: აღმოვაჩინეთ დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. ეს უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ნივთმტკიცებაა.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მონეტის ავთენტურობა დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზითაც.

"ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება - შეუფასებელია", - აღნიშნეს სუს-ში.

უწყებაში თქვეს, რომ აღმოჩენილი მონეტა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ნივთმტკიცებაა, თუმცა განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის გამო, ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა:

"რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი".

აქვე თქვეს, რომ უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე აღმოჩენილია ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია. კერძოდ:

12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.

აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით - "დიდი მონღოლი ულუს ბეგი", ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ მათ ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ და გამოძიებას აგრძელებენ.

XS
SM
MD
LG