საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საყოველთაო შერიგების საკითხი დროში გაწელილი პროცესია და არ უნდა არსებობდეს შეთანხმების დროის მოკლე პერიოდში მიღწევის მოლოდინი. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონიდან მიწვეულ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
"არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ "მიშელის დოკუმენტს". ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, რომ გავიგოთ რა იყო ამ წარსულში ისეთი რამეები, რომ გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. ეს რთულია. ეს არის პროცესი, რომელშიც საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ მართული პროცესი და როცა ვამბობ "საზოგადოებას" [ვგულისხმობ, რომ] იმავე დონეზე უნდა იყვნენ რეგიონები ჩართული.
იმისთვის, რომ გამჭვირვალობა ბოლომდე იყოს მიტანილი, ვაპირებ, რომ რეგიონში გავმართო შეხვედრები", - თქვა პრეზიდენტმა.
20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრეზიდენტი ორშაბათიდან ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში უკვე შეხვდა: "ნაციონალური მოძრაობის, "ქართული ოცნების", "ლელოს", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "მოქალაქეების", "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის", "ხალხისთვის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებსა თუ უპარტიო პოლიტიკოსებს. პრეზიდენტს შეხვდნენ ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.