Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება „კვლავ აქტუალური რჩება საქართველოსთვის“


ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული შეთანხმება კვლავაც ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის და იმედოვნებენ, რომ საქართველო განახორციელებს შეთანხმებით ნაკისრ რეფორმებს, - ამის შესახებ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" კარსმომდგარი სამიტის წინ ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის მოხელემ რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს განუცხადა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 14-15 დეკემბერს გაიმართება. ორი კვირით ადრე, 30 ნოემბერს, ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს ლიდერების შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მასპინძლობით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები: ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, აპირებს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთი-ერთზე შეხვედრას და იქნება თუ არა მათი საუბრის თემა 19 აპრილს ხელმოწერილი "შარლ მიშელის შეთანხმების" შესრულება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული ბრიუსელში და პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა, რათა ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ ძლიერ იმედოვნებს, რომ ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ აირჩია და რომლებიც ასახულია მედიაციით მიღწეულ აპრილის შეთანხმებაში, როგორიცაა - დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა, გარკვეული პოლიტიკური დისკურსის დეპოლარიზება და საქართველოში გენერალური პროკურორის კანდიდატურის გამჭვირვალე გზით შერჩევა - ეს ყველაფერი კვლავ ძალიან აქტუალური და აუცილებელია, რომ საქართველოს საშუალება მიეცეს დაუბრუნდეს უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას“, - განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

"ქართულმა ოცნებამ", პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანი იყო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა, პარლამენტში ოპოზიციის შესვლის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 28 ივლისს გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 14-15 დეკემბერს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება ბრიუსელში. მას ცალკე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან არ ექნება.

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, 15 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია განცხადებები პრესისთვის.

XS
SM
MD
LG