Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახი ეძებს ეკონომისტ რამაზ გერლიანს


​ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მეორე დღეა ეძებენ ეკონომისტ რამაზ გერლიანს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მისი გაუჩინარება შეიძლება უკავშირდებოდეს სოციალური ქსელებით გავრცელებულ მის განცხადებას, რომელიც პოლიციელთან შელაპარაკებას უკავშირდება.

გუშინ, 19 დეკემბერს რამაზ გერლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციელმა მისი ყოფილი ოჯახის წევრის (სავარაუდოდ გულისხმობს ყოფილ მეუღლეს - რ.თ) "დავერბოვკებით" მის სახლში შეღწევა მოახერხა.

"ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავერბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა...

14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა... განადგურებული ვარ", - წერდა ის და ვარაუდობდა, რომ აღნიშნული პირი მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ყიდდა [16:00 საათის მონაცემებით, ეს პოსტი აღარ იძებნება. მიზეზი უცნობია].

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამაზ გერლიანს ვერ პოულობენ. ის არც სახლშია და ვერც ტელეფონზე უკავშირდებიან. მისი მანქანა, ღია კარით კი, ავჭალის პოლიციასთან იპოვეს. შიგნით იყო მანქანის გასაღები და საბუთები.

რამაზ გერლიანის დას, ლენა გერლიანს არ დაუკონკრეტებია, საბუთებთან ერთად იყო თუ არ მისი ძმის პირადობის მოწმობა. იგი "ფორმულას" უყვება, რომ მისმა ძმამ მუქარის შესახებ რამდენიმე დღის წინ ტელეფონით საუბრის დროს უამბო.

"ჯერ ვერაფერს ვარკვევთ, ვერც პოლიცია ვერ გვეუბნება ვერაფერს. არ გვაქვს ვერსია, სად შეიძლება იყოს. არ მგონია საკუთარი სურვილით იყოს გაუჩინარებული - ძალიან ცუდ რამეს აქვს ადგილი და არ ვიცი, რა შეიძლება ვიფიქრო", - ამბობს ლენა გერლიანი.

გერლიანის მეგობარი ირაკლი მაკალათია რადიო თავისუფლებას ეუბნება: რამაზი ეჭვობდა, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ფარული მიყურადებით ცდილობდნენ.

"უნდოდა, რომ [გამოძიებით] ეს ფაქტი გამოვლენილიყო და ამ ფაქტს ეძღვნება ეს პოსტი... ჯერ ვერაფერს ვერ ვამბობ, თავად რამაზი გამოჩნდება და იტყვის ყველაფერს", - ამბობს გერლიანის მეგობარი, ირაკლი მაკალათია.

მანვე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გერლიანს, ცოლთან გაშორების მიუხედავად, იმ ბინაში, სადაც პოლიციელი ნახა, პირადი ნივთები და სამუშაო სივრცე ჰქონდა.

თავად რამაზ გერლიანი ფეისბუკპოსტში ასევე ამბობდა, რომ მის სახლში პოლიციელის აღმოჩენის შემდეგ, გამოძიების დასაწყებად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და მათი ოფიციალური პასუხები გაასაჯაროვა.

"ჩვენ მიერ მოხდა გასაუბრება ინიციატორის ყოფილ მეუღლესთან, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო მისი ნაცნობი და უკანონოდ, მისი ნების გარეშე არ შესულა სახლში", - წერს 14 ნოემბერს რეაგირების ოქმში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი.

საგამოძიებო უწყებების რეაგირებას მის მიმართვაზე, გერლიანი ორი სიტყვით აღწერდა: "კანონი დუმს..."

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, თავისუფლების ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG