Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპილიტი ეპიფანე: საქართველოს ეკლესია რუსეთის შანტაჟის გამო ვერ ახერხებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცი, მიტროპილიტი ეპიფანე
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცი, მიტროპილიტი ეპიფანე

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცი, მიტროპოლიტი ეპიფანე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მხრიდან შანტაჟის გამო ვერ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას.

„რამდენადაც ჩვენ გვესმის, არსებობს გავლენა და ვიცით, რომ რუსეთის ფედერაცია აშანტაჟებს საქართველოს ეკლესიას, რომ, თუ იგი აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ იგი (კრემლი) საქართველოს საბოლოოდ წაართმევს აფხაზეთს, ამჟამად დროებით ოკუპირებულ მის ტერიტორიას. ამით არის გამოწვეული ასეთი ყოყმანი",- განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის გადაცემა „შაბათის ინტერვიუში“.

უკრაინის უმაღლესი სასულიერო პირის თქმით, „უკრაინელებს და ქართველებს აქვთ მეგობრული, კარგი დამოკიდებულება“, ამიტომ ეპიფანე იმედოვნებს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას საბოლოო ჯამში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც შეუერთდებიან.

"ეს დრო აუცილებლად დადგება. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებიდან გასულია მხოლოდ სამი წელი. ეს კი ძალიან მცირე დროა ეკლესიის ისტორიის გადმოსახედიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ათასწლოვან ისტორიაზე, უძველეს ფესვებზე. მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში უკვე ბევრი რამ გაკეთდა [აღიარების თვალსაზრისით] და ამ პროცესს მომავალში სხვა ეკლესიებიც შეუერთდებიან, რადგან ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, მართლმადიდებლური სამყაროს სასულიერო ცენტრის უმაღლესმა სასულიერო პირმა, 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის მოწმობა - ტომოსი, მიანიჭა უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მანამდე ოფიციალურად არ იყო აღიარებული არც ერთი ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ.

4 თებერვალს კი ახალმა დამოუკიდებელმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია მიტროპოლიტი ეპიფანე.

რუსეთმა ამ ნაბიჯის შემდეგ გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. მაგრამ უკრაინის დამოუკიდებელ ეკლესიას კვლავ უხდება დიდი ძალისხმევა, რათა მისი დამოუკიდებლობა აღიარონ სხვა მართლმადიდებელმა ავტოკეფალიურმა ეკლესიებმა, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქომ.

XS
SM
MD
LG