ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.
ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ექსპრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ერთი წუთით არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება.
„საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ!", - წერს სააკაშვილი.
ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროცესი უნდა დაწყოს წინაპირობების გარეშე, ვინაიდან წინაპირობები გააჩენს პოლარიზაციისა და დაპირისპირების საფუძველს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს.
საჭიროა შეიქმნას კონსენსუსის პლატფორმა - პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები გადაწყვეტენ, როგორი უნდა იყოს საუბრების შემდეგი ეტაპი, ეს უნდა იყოს უცხოელების მონაწილეობით წარმართული პროცესი, თუ უნდა იყოს „ქართული პროცესი“. პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ეს უნდა იყოს „ჩვენს მიერ მართული პროცესი“.
„ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან, რაც არ უნდა იყოს მონდომება, ძალისხმევა, ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან ის გაგება ამ პროცესების, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი პროცესი და ხანგრძლივი. იმიტომ, რომ ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ელოდება ასეთ შედეგებს არარეალისტურია", - სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ მოხერხდა პროცესის წარმატებით დაძვრა და წინ წაწევა, ეს ყველას მისცემს საშუალებას „წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები“.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას საახალწლო მიღებაზე მიწვევის შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი დასთანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა. შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.
შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუში შეეხო:
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".
15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქსაც გააცნო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა და კურთხევა სთხოვა.
საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.