Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბერლინის სასამართლოს განაჩენს


რუსეთი სამაგიეროს გადახდით დაიმუქრა გერმანიის იმ ნაბიჯის გამო, რაც ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, რომლის უკან, სასამართლოს თანახმად, მოსკოვი იდგა.

მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, მალხაზ (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი. ამავე დროს რუსეთის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რაც დიპლომატების გაძევების ტოლფასია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფილია „უსაფუძვლო და რეალობას სრულიად მოწყვეტილი“ ბრალდება, თითქოს რუსეთის სახელმწიფოს სტრუქტურები იყვნენ თანამონაწილე „ტერორისტ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მდუმარე თანხმობით იმყოფებოდა გერმანიაში“.

„ბერლინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს შესაბამისი ზომებით უპასუხებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 16 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „არასასიამოვნო ეპიზოდი“ ორ ქვეყანას შორის. ამასთან მოსკოვი იმედოვნებს, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს გერმანიის ახალ კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების განვითარებას.

გამოძიების თანახმად, კრასიკოვმა ხანგოშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლა ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, რის შემდეგაც ის მალე დააკავეს.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.

კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც სხვა სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოკლული იყო მოსკოვის მეტროში მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოგვიანებით მას უკავშირებდნენ ბესლანში სკოლის ხელში ჩაგდებას. პუტინის თქმით, ბერლინში მომხდარი მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG