დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ყოველდღიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება. რადიოსადგურ ბი-ბი-სის ცნობით, ეს არის არა ოფიციალური სტატისტიკა, არამედ მეცნიერულ მოდელირებაზე დაფუძნებული ციფრები.
ჯერჯერობით ბრიტანეთში დადგენილია „ომიკრონით“ დაავადების 5000 შემთხვევა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს და ყოველ ორ-სამ დღეში დაახლოებით ორმაგდება. დღესდღეობით ლონდონში კორონავირუსის ინფექციით დაავადებულთა 44 %-ში სწორედ „ომიკრონი“ გამოვლინდა და მოელიან, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსის ახალი შტამი კიდე უფრო გაბატონდება ბრიტანეთის დედაქალაქში.
13 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას „ომიკრონით“ პირველი პაციენტის გარდაცვალების შესახებ აუწყა. მისივე თქმით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის დიაგნოზით იმყოფებიან საავადმყოფოებში, უმრავლესობა ორჯერ იყო ვაქცინირებული. ადამიანები უნდა შეეშვან იმაზე ფიქრს, რომ ეს შტამი უფრო მსუბუქია, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და მოქალაქეებს ურჩია, რომ სწრაფად გაიარონ რევაქცინაცია.
მეცნიერების მოსაზრებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ე.წ. ბუსტერული ვაქცინა, ახალი შტამისგან საკმაოდ იცავს ადამიანის ორგანიზმს.
ნოემბრის ბოლოს, როდესაც ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ შტამით - „ომიკრონით“ - დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ბორის ჯონსონმა გაამკაცრა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამ ნაბიჯს ხელისუფლება იმით ამართლებს, რომ მკაცრი ზომების გარეშე „ომიკრონით“ დაავადებულთა რაოდენობა მილიონს მიაღწევს.
ახალი შტამის აღმოცენების ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 26 ნოემბრიდან შეაჩეროს ფრენები სამხრეთ აფრიკასთან, ნამიბიასთან, ლესოთოსთან, ბოტსვანასთან, ესვატინის სამეფოსთან და ზიმბაბვესთან.