5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიის გამარჯვებულები რადიო თავისუფლების ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და დათო ქორიძე გახდნენ. "ლექსოს პრემია" "ადამიანის უფლებათა სახლმა" დააფუძნა. დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, 9 დეკემბერს გაიმართა.
გამარჯვებულები არიან:
- საუკეთესო ვიდეორეპორტაჟისთვის: რადიო თავისუფლების ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და დათო ქორიძე ("თბილისის პრაიდის" კვირეულზე მომზადებული ფილმი);
- საუკეთესო უფლებადაცვითი სტატიისთვის: ტელეკომპანია "ბორჯომზე" გამოქვეყნებული სტატიისთვის ნინო ვართაპეტიანი (ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე).
5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძესაც. მანდარიაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ქორიძეზე ძალადობისთვის არავინ დაუკავებიათ. რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი "ლექსოს პრემიაში" გამარჯვებულ ფილმზე მუშაობდნენ. სიძულვილის ჯგუფებმა ჟურნალისტებზე თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან იძალადეს.
ჟიურის წევრები იყვნენ:
- ზვიად ქორიძე - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი;
- ნინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ნინო ზურიაშვილი - სტუდია მონიტორის დამფუძნებელი;
- ალეკო ცქიტიშვილი - ადამიანის უფლებათა სახლის ხელმძღვანელი.
"ლექსოს პრემია" მხარდაჭერილია ნორვეგიული ორგანიზაცია Human Rights House Foundation-ის მიერ.
5 ივლისს მაშინ, როცა თბილისში ლგბტ აქტივისტებს მსვლელობა უნდა მოეწყოთ, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები გამოვიდნენ და 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მიიღო ლექსო ლაშქარავამ. ის 11 ივლისს გამთენიისას დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
5 თვის გასვლის მიუხედავად, კვლავ უცნობია, რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. ეს უწყება იძიებს 5 ივლისს მასობრივი ძალადობის საქმესაც, თუმცა ამ დრომდე არ არიან გამოვლენილი ძალადობის ორგანიზატორები.