Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სეიმმა ნებართვა გასცა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლდეს ყოფილი შს მინისტრი


იანის ადამსონსი
იანის ადამსონსი

ლატვიის სეიმმა ნებართვა გასცა, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დეპუტატი იანის ადამსონსი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ის ეჭვმიტანილია, რომ რუსეთის დაზვერვას გადასცემდა ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვითარების, მზადების პროცესში მყოფი კანონპროექტებისა და ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულების შესახებ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ. ამის შესახებ გამოცემა Delfi იტყობინება.

ადამსონსი პარლამენტის დეპუტატი და სოციალ-დემოკრატიული პარტია „თანხმობის“ წევრია. საბჭოთა პერიოდში ის სსრკ-ის წყნარი ოკეანის ფლოტში მსახურობდა, იყო კგბ-ს სასაზღვრო ჯარების საგუშაგო გემის მეთაური, მსახურობდა სასაზღვრო ჯარების დაზვერვაში. ლატვიაში მას ეკავა სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილის, სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები.

ზაფხულში ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ სეიმს სთხოვა უფლება, ყოფილ მინისტრს მოეხსნას ხელშეუხებლობა. 11 ივნისიდან ის პატიმრობაშია. თავად პოლიტიკოსი ბრალდებას უარყოფს. Delfi წყაროს მიუთითებლად იტყობინება, რომ დეპუტატი რუსეთს შესაძლოა საყოველთაოდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებს აწვდიდა. მაგრამ, როგორც სააგენტო LETA იუწყება, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ პოლიტიკოსი ჯაშუშობის 40-ზე მეტ შემთხვევაშია ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG