პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნახა დედამ, გიული ალასანიამ. მან ჟურნალისტებს გადასცა ექსპრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება 9 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს.
„ვატყობ, რომ ხვალ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს“, - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.
9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ყოფილმა პრეზიდენტმა შეწყვიტა პროტესტის ის ფორმა, რომელიც მკურნალობის გაგრძელებაზე უარს ითვალისწინებდა და რომელსაც 7 დეკემბერს მიმართა, სატელევიზიო სიგნალის დროებით შეწყვეტის გამო.
7 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისთვის შეხვედრების შეზღუდვის და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ.
სამსახურმა "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ბრალდებების" პასუხად, გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილთან მე-18 დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.
7 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“.
7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.