პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეწყვიტა პროტესტის ის ფორმა, რომელსაც გუშინ მიმართა, მისთვის სატელევიზიო სიგნალის დროებით შეწყვეტის გამო.
საძაგლიშვილის თქმით, ამოწურულია პროტესტი ფორმა, რომლის თანახმადაც სააკაშვილი მკურნალობას წყვეტდა.
„გუშინდელი ინციდენტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე პენიტენციური სამსახურის რეაქცია. ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რვა დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი ხდებოდა. ამის შემდეგ მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით მსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება და ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სატელევიზიო სიგნალი გაუთიშეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი. გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი“,- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა მედიასთან საუბარში გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.
მისი სიტყვებით, პენიტენციური სამსახურიდან არ მოუსმენიათ ოფიციალური პოზიცია, რატომ შეეზღუდათ ოჯახის წევრებს მასთან ვიზიტი, თუმცა 7 დეკემბერს გვიან საღამოს იგი პირადმა ექიმმა მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პენიტენიცური სამსახურის განცხადებიდან იკითხება, რომ მათ შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა ამას ადვოკატი „თავის დაძვრენის“ მიზნით გაკეთებულ განცხადებად აფასებს.
„ძალიან სამარცხვინოა, როდესაც მინისტრი ბრეგაძე ერთ დღეს გვესაუბრება, რომ ძვირადღირებული ტექნიკა დააზიანა სააკაშვილმა და მეორე დღეს განცხადებას ავრცელებენ, რომ 150 ლარს არ აღემატებაო. შეიძლება 150 ლარი კი არ იყო, 150 ლარი არის ზოგადად სამართლებრივი ზღვარი, შეიძლება 2 ლარის ზიანი იყო. ასეთი იაფფასიანი განცხადებების კეთება რომ უწევთ როგორც მინისტრებს, ისე პენიტენციური სამსახურის უფროსს, არის ძალიან სამწუხარო ამბავი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტს ედავებიან, რომ რაღაც პლასტმასი მოტყდა ნივთს და 2 ლარი ღირს იმისი შეკეთება. ასეთ აბსურდულ ვითარებაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები ასე სამარცხვინოდ იქცევიან, გარდა ორი ინსტიტუციისა, ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
7 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისთვის შეხვედრების შეზღუდვის და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ.
სამსახურმა "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ბრალდებების" პასუხად, გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილთან მე-18 დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.
7 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“.
7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.