Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი ინფორმაციის გამო პროტესტს იწყებს


„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება მეცხრე კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) შესულ ერთ-ერთ თავს, რომელშიც აღწერილია ფაქტები და ინფორმაცია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 დეკემბრიდან ის და მისი თანამოაზრეები გეგმავენ პროტესტს სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი ინფორმაციის გამო:

„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე, ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო.

ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი, გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“.

2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში თხრობა მთავრდება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებითა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციით:

„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.

წიგნს 2020 წელს მიენიჭა გრიფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

გრიფირების მიზანია სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა, რამდენად შეესაბამება ეს წიგნები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.

2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სასწავლო კურსის განმავლობაში მოსწავლე უნდა გაეცნოს საქართველოს ისტორიის უმთავრეს ეპიზოდებს უძველესი დროიდან დღემდე და დაუკავშიროს ისინი მსოფლიო ისტორიის საკვანძო მოვლენებს.

XS
SM
MD
LG