ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი თანახმაა სულ მცირე 20 ერთეული „ბაირაქთარი“- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო თვითმფრინავი გადასცეს უკრაინას, რომელმაც მსგავსი შეიარაღების პირველი პარტია უკვე მიიღო და გამოცადა კიდეც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში.
ამერიკული გამოცემის თანახმად ამჯერად ლაპარაკია 24 ერთეულ თურქულ დრონზე, რომელსაც უკრაინას საიდუმლო ვითარებაში გადასცემენ.
თურქეთის ხელისუფლების ანონიმურმა წყარომ „ბლუმბერგს“ აცნობა, რომ „ბაირაქთარების“ გადაცემით ანკარა რუსეთზე ზეწოლის მეტ შესაძლებლობას შეიძენს. გარდა ამისა, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინული ტექნოლოგიებით „ზენიტ 2“ ტიპის კოსმოსური რაკეტის ერთობლივი მშენებლობის შესახებ. ჟურნალისტების აზრით, ეს შეთანხმება თურქეთის ხელისუფლებას ბალისტიკური რაკეტების შემუშავებაში დაეხმარება.
ცნობილია, რომ თურქეთიდან მიღებული „ბაირაქთარის“ სახელით ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონები, აზერბაიჯანის არმიამ ეთნიკურ სომეხთა დანაყოფების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშან შემოდგომაზე მიმდინარე 44 დღიან ომში ფართოდ გამოიყენა.