2021 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლიური ინფლაციის დონე 12.5%-ია. ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 1.3% იყო, ხოლო წლიური ინფლაცია 12.8%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად, 1.7%-ით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში. 0.6%-იანი მატება იყო სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ყველაზე მეტად, 4.4%-ით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი და 1.5%-ით პური და პურპროდუქტები. ოფიციალური სტატისტიკით, ფასები 5.1%-ით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე და 2.6%-ით ხილსა და ყურძენზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი, 20.2%-იანი მატება იყო ტრანსპორტის ჯგუფში. ფასები 17%-ით გაიზარდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში:
- 27.7%-ით გაძვირდა ზეთი და ცხიმი;
- 26.2%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული;
- 20.4%-ით პური და პურპროდუქტები;
- 17.9%-ით რძე, ყველი და კვერცხი;
- 17.4%-ით შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული;
- 16%-ით თევზეული;
- 15.5%-ით ხილი და ყურძენი;
- 10.7%-ით ხორცი და ხორცის პროდუქტები.
წლის განმავლობაში ფასები 11.5%-ით გაიზარდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში.