Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში უპასუხა შეკითხვას, რომელიც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, განცხადების კომენტირებას შეეხებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან და დაბალ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.

„2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია და ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თვითონ არ არის ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში, პირველად საქართველოს ისტორიაში, დანერგა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გავაგრძელოთ. უბრალოდ ამას აქვს თავისი წინაპირობა. წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და ჩვენ გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა და მათ სურთ დადებითი წვლილის შეტანა ახალ დღის წესრიგში, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ ამას გააკეთებენ, თუ ამას დაადასტურებენ და დაამტკიცებენ განგრძობითი ფორმით და სახით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მყისიერად განახლდება დისკუსია ბარიერთან დაკავშირებით. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ დამატებით ვერ შევუწყობთ ხელს პოლარიზაციას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ მმართველი პარტიის განცხადება. დეგნანმა მედიას უთხრა, რომ „ზოგი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

ირაკლი კობახიძემ მანამდეც არაერთხელ, ბოლოს კი 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ განიხილება და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე."

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

XS
SM
MD
LG