თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს.
საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც უშუალოდ სასამართლოს ტერიტორიაზე არ უშვებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.
მოსამართლემ საზოგადოებრივ მაუწყებელს ნება დართო სიგნალი გაუნაწილოს სხვა მედიებს.
სასამართლო პროცესს ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და მედიის წარმომადგენლები.
პროცესის მოსამართლემ იკითხა, ხომ არ აქვთ აცილების სურვილი მოსამართლის მიმართ. ადვოკატებმა თქვეს, რომ - არა. სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დააყენა აცილების მოთხოვნა პროკურორის, გიორგი მუჯირის მიმართ, რადგან მან, გვარამიას განცხადებით, გუშინ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
"2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, "- ესაა სააკაშვილის დაცვის პოზიციით სადაო განცხადება, რომელიც პროკურორმა გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.
პროკურორმა გიორგი მუჯირმა 1 დეკემბერს, "იმედის" ეთერში თქვა, რომ ორთაჭალაში მომხდარი წყალდიდობის მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა და კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტარა. „როდესაც ორთაჭალაში წყალდიდობა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, მომდევნო დღეს ის მიდის საზღვარგარეთ და იღებს იმ ფუფუნების საგნებსა თუ მომსახურებას, რაც ამ 9 მილიონ ლარში მრავლადაა“, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.