Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაფანყურში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შეტანას აპროტესტებენ


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილის თანახმად, მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ლოპოტა 1“-ის მშენებლობისთვის კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს ადგილზე მიიყვანეს ერთი მაღალი გამავლობის ტრაქტორი და სამშენებლო მასალების ნაწილი, ძირითადად ადგილის შემოსაღობი საყრდენები და ფოლადის მავთული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი წინააღმდეგობის გამო, სამუშაოები არ დაწყებულა.

მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა მათ უჩვენეს დოკუმენტი, რომლის თანახმად, სახელმწიფოსგან მშენებლობის ოფიციალური ნებართვა აქვთ მიღებული.

„ჩვენ აქ ჰესის მშენებლობა დაუშვებლად მიგვაჩნია და ყველას ერთი პოზიცია გვაქვს - ჰესი არ აშენდება. ეს სამშენებლო მასალები, როგორც მოიტანეს, ისევ უკან წაიღებენ, სხვანაირად არ იქნება. არ მოხდება დაპირისპირება და კონფლიქტი. ადგილზე ველოდებით კახეთის სახელმწიფო რწმუნებულსა და მისგანაც მოვითხოვთ, რომ აქ მოტანილი მასალები დღესვე უნდა გაიტანონ უკან, სხვა შემთხვევაში აქ გაიშლება კარვები და მოსახლეობა მორიგეობით ვიქნებით ადგილზე, რომ მშენებლობა არ დაიწყოს“, - განაცხადა ადგილობრივმა უჩა ქორეულაშვილმა.

სოფელში ათეულობით პოლიციელია მობილიზებული.

რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს კომპანიას, რომელსაც სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. კომპანიის ხელმძღვანელობა სატელეფონო ზარებს ჯერ არ პასუხობს.

ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ 2018 წელს მიიღო, თუმცა, ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატამდე იქნება.

XS
SM
MD
LG