Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუჭავა: „პოლიტიკური პოლარიზაცია გამოწვევაა საქართველოშიც“


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მადრიდში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრიორიტეტად დასახული აქვს პარლამენტში კონსტრუქციული, ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა.

კახა კუჭავამ ისიც აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მძლავრი ინსტრუმენტები გააჩნია.

„პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავას თქმით, მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

XS
SM
MD
LG