Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მინისტრი" არძინბა პრიორიტეტად ასახელებს საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას


ინალ არძინბა
ინალ არძინბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ახალი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის“ პრიორიტეტად ასახელებს რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ამის შესახებ არძინბამ „აფხაზეთის ტელევიზიას“ განუცხადა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისთან ურთიერთობებში პრიორიტეტია „საქართველოს მხრიდან აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება“. ინალ არძინბას თანახმად, ჟენევის დისკუსია რჩება ერთადერთ მრავალმხრივ ფორმატად, რომელზეც აფხაზეთს წარმომადგენლობა ჰყავს და ამ მნიშვნელოვან მოედანზე მკაფიო პრიორიტეტი აქვთ - „ეს არის საქართველოს მხრიდან სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება და ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა“.

ამასთან, არძინბამ თქვა, რომ ეს რთული და გრძელი გზაა, წინააღმდეგობები იქნება და მიზანს იოლად ვერ მიაღწევენ, მაგრამ დაჟინებით გააგრძელებენ ამ მიმართულებით სვლას.

„აფხაზეთის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში ინალ არძინბამ ილაპარაკა მსოფლიოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც, რომელსაც საკმაოდ დაძაბული უწოდა. არძინბას განცხადებით, შავ ზღვაში აშშ-ის, უკრაინის და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ხელს არ უწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას და აუცილებელია ამ სიტუაციაზე დაკვირვება, ისევე, როგორც საქართველოში მოვლენების განვითარებაზე. არძინბამ ისევ გაიმეორა, რომ მათი ამოსავალია აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება და ნორმალური ურთიერთობების განვითარება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 31 წლის ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დანიშნა. სოხუმელი ინალ არძინბა, რომელსაც უმაღლესი განათლება მოსკოვში, „ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში“ აქვს მიღებული, 2014-2018 წლებში მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც 2016 წლიდან იკავებდა დსთ-ის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას.
2018 წლიდან არძინბა იყო რუსეთის პატრიარქთან არსებული „ახალგაზრდობის საქმეთა საზოგადოებრივი საბჭოს“ ხელმძღვანელი.
ინალ არძინბა უკრაინის მიერ იძებნება 2015 წლიდან. უკრაინის პროკურატურა არძინბას ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სეპარატისტული წარმონაქმნის, „ბესარაბიის სახალხო რესპუბლკის“ შექმნის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG