ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი ლიდერი, ინალ არძინბა წარუდგინა.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, არძინბას დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი 17 ნოემბერს მოეწერა.
ინალ არძინბამ ჩაანაცვლა დაურ კოვე, რომელიც დე ფაქტო მინისტრის პოსტს იკავებდა 2016 წლის ოქტომბრიდან. „Апсныпресс-ის“ ინფორმაციით, კოვემ კოლეგებს ე.წ. სამინისტროში ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მის მემკვიდრეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
ინალ არძინბას შესახებ
31 წლის ინალ არძინბა სოხუმში დაიბადა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.
უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 2016 წლის მარტში არძინბას ბრალი დასდო „ბესარაბიის პროექტის“ (ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნა ოდესის ოლქზე) განხორციელების მცდელობაში.
2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება.
გასული წლის იანვარში არძინბამ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო შექმნის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით განმარტა, რომ პრეზიდენტობას არ გეგმავდა.