Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავა სისხლისღვრის ჩათვლით


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება და ამის უკან მისი გათავისუფლების მცდელობა იმალება.

ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება, როგორც სამედიცინო, ისე უსაფრთხოების მხარე, ორივე არის თანაბრად გასათვალისწინებელი. რაც შეეხება უსაფრთხოების და პოლიტიკურ ნაწილს - ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით სპექტაკლი და უბედურება დასრულდება. ასეთი აღქმა გაჩნდა საზოგადოების ნაწილში, თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან. ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული რისკებია, ყველას გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და ეს კარგად ვხვდებით, რაც არის. მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ვიცით, რომ ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა არის ყველაფრის მკადრებელი. ეს რისკები მხედველობაში უნდა მივიღოთ, ისინი ყველაფერზე წავლენ სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს, თუნდაც, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება ადამიანების სიცოცხლე დადგეს რისკის ქვეშ. ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება. გახსოვთ, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ პოლიტიკურმა ძალამ, როცა მისი რეჟიმი ბატონობდა 9 წლის განმავლობაში. ჩვენ, ბუნებრივია, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ამის შესაძლებლობა მათ არ მივცეთ, აქედან გამომდინარე, როცა შესაბამისი უწყებები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ან სხვადასხვა ეტაპზე იმსჯელებენ ამ საკითხზე, ორივე მოსაზრება იქნება გათვალისწინებული - სამედიცინო მოსაზრებები და უსაფრთხოების,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პარალელურად, შიმშილობენ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და სხვა მოქალაქეები და რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამოკიდებულია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის შესრულებაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი - „ეს უპასუხისმგებლო კაცი, მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას“ .

ირაკლი კობახიძემ „ტოტალური ფეიკი“ უწოდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და თქვა, რომ შიმშილობას, მათ შორის პოლიტიკური პროტესტის ნიშნით შიმშილობას, აქვს საუკუნოვანი ისტორია, მაგრამ „მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა ასეთი რამ, რომ ადამიანი შიმშილობს შიმშილობის საფუძველზე უკეთესი მკურნალობის მოთხოვნით. შიმშილობა გულისხმობს იმას, რომ ყველაფერზე მიდიხარ და ადამიანი შიმშილობს, რომ ჰქონდეს შიმშილობის საფუძველზე უკეთესი მკურნალობა“ ,- რაც ირაკლი კობახიძის თქმით, „მსოფლიო ისტორიაში პირველი მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში“.

მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა 18 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათისთვის, როცა მას ადვოკატები ხვდებოდნენ. პენიტენციური დაწესებულების ექიმი ადასტურებს გონების დაკარგვის ეპიზოდს და ამბობს, რომ "პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია."

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG