Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი გენადი ბესტაევზე: თავის დროზე ჩატარებული ოპერაცია მცირე შანსს მოუმატებდა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მიაწოდეს.

"პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, არის სპონტანური სისხლჩაქცევა. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გენოდინამიკა არასტაბილურია, პროგნოზი საკმაოდ მძიმეა... თავის დროზე ჩატარებული ოპერაცია მცირე შანსს მოუმატებდა, თუმცა ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - თქვა ექიმმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2 წლის წინ, უკანონოდ დაკავებული და ცხინვალში გასამართლებული გენადი ბესტაევი ადგილობრივმა რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას 16 ნოემბერს, საღამოს გადასცა.

მანამდე ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც 2019 წელს თავად იყო ცხინვალის ციხის უკანონო პატიმარი, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ცხინვალის საპატიმროდან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ცხინვალის საავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გენადი ბესტაევის გადაყვანის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი „შეიწყალა“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომლის სახლი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ეზოში მავთულხლართია გავლებული, 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. მოგვიანებით მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრობიდან გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ქართული მხარე უშედეგოდ მოითხოვდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე.

XS
SM
MD
LG