Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი რკინის ფარდა


მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია განვჭვრიტოთ, თუ რა მოხდება ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე კრიზისში, სავარაუდოდ, ეს მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარებს ევროპაში კედლების მშენებლობისა და ღობეების გავლების პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია.

ჩვენ შეიძლება მალე ვიხილოთ ახალი „რკინის ფარდის“ ჩამოშვება, რომელიც კიდევ ერთხელ გაყოფს კონტინენტს. და მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის გადაჭიმული „ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე“, როგორც ეს უინსტონ ჩერჩილმა თქვა 1946 წელს, თავის ლეგენდარულ გამოსვლაში, ახალი ბარიერები, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მეტ ადგილას წარმოიქმნება და ევროკავშირის წევრებს იმ ქვეყნებისგან გაყოფს, რომლებიც კლუბში არ არიან.

ევროკავშირი ამჟამად ცდილობს, პასუხი გასცეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას ყველაზე ცინიკურ შეთქმულებას დასავლეთის წინააღმდეგ - ახლო აღმოსავლეთიდან, ათასობით მიგრანტის, განსაკუთრებით ერაყელი ქურთების ჩაყვანას ქვეყანაში, ავტობუსებით ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან მათ ტრანსპორტირებას და საზღვარზე წაქეზებას, ევროკავშირისკენ გაიკვლიონ გზა.

სავარაუდოდ, დაწესდება სანქციები, რომლებიც დააზარალებს ბელარუსის აეროპორტებს, სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიას და ამ მიგრაციულ ნაკადებზე პასუხისმგებელ ადამიანებს.

მაგრამ, ისევე როგორც წინა ოთხი სანქციების პაკეტი, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რეჟიმს 2020 წლის შემოდგომიდან, ეს უფრო მეტად აუცილებელი ფორმალობა იქნება და, რეალურად, ვერც კი შეცვლის მინსკის ქცევას.

ჩვენ ასევე ვხედავთ ევროკავშირის სერიოზულ მცდელობებს, რათა მოახერხონ და მესამე ქვეყნებმა არ მისცენ უფლება თავიანთ მოქალაქეებს, ჩასხდნენ ბელარუსის თვითმფრინავებში.

და აი აქ, ბრიუსელს აქვს წარმატების შანსი, ეჭიროს ხელში საკმაოდ დიდი მათრახი, როგორც განვითარების დახმარების შემცირების, ისე ევროკავშირის მოგებიანი ბაზრიდან ავიახაზების დაბლოკვის მუქარით.

თუმცა, საზღვარზე მიმდინარე პროცესების შემდეგ, გრძელვადიან მემკვიდრეობად კედლები, ღობეები და მავთულხლართები დარჩება.

ფიზიკური ბარიერები უკვე შენდება ლიეტუვასა და პოლონეთში, რათა ბელარუსიდან მიგრანტების გადასვლა შეაჩერონ.

და ვარშავამ ახლახან გამოაცხადა ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 180-კილომეტრიანი წყლით სავსე თხრილის მშენებლობის შესახებ, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება.

მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ როგორ შორდება ევროკავშირი კედლებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკურ წინააღმდეგობას, არამედ - როგორ უახლოვდება ოდესღაც წარმოუდგენელ იდეას, რომ ბრიუსელი თავად დააფინანსებს კედლების მშენებლობას.

უბრალოდ გადახედეთ ევროკავშირის სხვადასხვა ლიდერის რეაქციას პოლონეთის გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღაშფოთა ცნობებმა იმის შესახებ, როგორ განდევნეს პოლონელმა ჯარისკაცებმა და პოლიციამ მიგრანტები საზღვრიდან უკან, ბელარუსში, თქვენ ვერ მოისმენთ იმავე განცხადებებს უმაღლესი პოლიტიკური კლასის მხრიდან.

ევროკავშირის დედაქალაქებში მოთხოვნა, შეუშვან ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ი, დახმარების ორგანიზაციები და მედია საზღვრის მახლობლად დახურულ ზონაში, ასევე თითქმის არ ისმის.

თვით დონალდ ტუსკმაც, მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყველაზე დიდმა კრიტიკოსმა, მოუწოდა ევროკავშირს, სრული სოლიდარობა გამოეხატა პოლონეთისთვის.

ეს ყველაფერი იმ ტენდენციის ნაწილია ევროკავშირში, რომელიც სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს მიგრაციულმა კრიზისმა ბლოკს პირველად დაარტყა.

მაშინ როცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით გერმანია და შვედეთი, მიესალმა მასობრივ მიგრაციას, განწყობები სწრაფად შეიცვალა, ჯერ შეზღუდვებით, და ზოგჯერ კი მტრული დამოკიდებულებითაც ახალი ჩამოსულების მიმართ უმეტეს ქვეყანაში, რასაც თან ულტრამემარჯვენე პარტიების მიმართ მზარდი მხარდაჭერა და Brexit-ის კენჭისყრაც ახლდა.

მას შემდეგ ცდილობენ ხალხის გარეთ შენარჩუნებას, რათა არ დათმონ საარჩევნო ნიადაგი ექსტრემისტებთან და ამ მხრივ, განსაკუთრებით მგრძნობიარე, 2022 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.

მაგრამ აქამდე არასოდეს ყოფილა საუბარი ბრიუსელის მხრიდან კედლების მშენებლობის დაფინანსებაზე. ბერლინის კედლის, როგორც რკინის ფარდის განსახიერების, მემკვიდრეობა ბრიუსელში 1989 წლის შემდეგ სულ იგრძნობოდა. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ხალხის მიერ ბერლინის კედლის დანგრევა საფუძვლად ედო ევროკავშირის, როგორც ასეთის არსებობას.

და სანამ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ კედლების მშენებლობაზე ფული არ დაიხარჯება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც გასულ კვირას ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ მატეუშ მორავიეცკის გვერდით იდგა, თქვა, რომ მისი ინსტიტუტის ძლევამოსილმა იურიდიულმა სამსახურმა დაასკვნა. რომ შესაძლებელი იყო ევროკავშირს კედლის მშენებლობა დაეფინანსებინა.

EPP-ის გავლენიანი ოჯახი უკვე დადგა ამ იდეის უკან და ევროკავშირის 12 წევრმა ქვეყანამ ახლახან მოუწოდა კომისიას, შეცვალოს შენგენის სასაზღვრო კოდექსი და აღნიშნა, რომ „ფიზიკური ბარიერი, როგორც ჩანს, საზღვრის ეფექტიანი დაცვის ღონისძიებაა, რომელიც მთელი ევროკავშირის ინტერესებს ემსახურება“ და რომ ეს საერთო ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს.

არ გაგიკვირდეთ, ევროკავშირის გარე საზღვრის გასწვრივ სხვადასხვა სახის „ფიზიკურ ბარიერს“ როგორც ევროკავშირის მოწონება, ასევე გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა თუ მოჰყვა, სანამ ბრიუსელს შეუძლია თქვას, რომ ეს მთლად „კედლებიც“ არ არის.

ის რაც 2015 წელს, უნგრეთის მიერ, მაშინ საყოველთაოდ გაკრიტიკებული ნაბიჯით - სამხრეთ საზღვრების შემოღობვით - დაიწყო, მალევე გააგრძელა ბულგარეთმა, თურქეთთან საზღვარზე, და ახლა, როდესაც ბელარუსი ამოილუქება ევროკავშირის მხრიდან, საკითხავია, კიდევ სად გაჩნდება ახალი ბარიერი?

შეიძლება, კლუბში გაწევრიანების შანსის გარეშე დარჩენილი, მაგრამ შესაძლოა მიგრანტებისთვის ახალ მარშრუტად გადაქცეული უკრაინა ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც აღმოჩნდნენ ამ ბარიერების მიღმა?

ახალი რკინის ფარდა შეიძლება ზუსტად ბალტიიდან ადრიატიკამდე არ გადიოდეს, მაგრამ კონტინენტის რეალური ფიზიკური დაყოფა შესაძლოა მისგან აღმოსავლეთით, რამდენიმე ასეულ კილომეტრში დაიწყოს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG