სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო, თანამდებობიდან გადააყენოს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი და მის ნაცვლად ამ პოსტზე ვიცე-პრემიერი სურენ პაპიკიანი დანიშნოს.
თავისი ამ გადაწყვეტილების შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა 15 ნოემბერს, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობის დროს განაცხადა. ფაშინიანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის არმია სომხეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთიდან შეიჭრა.
უფრო ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ 14 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ განეხორციელებინათ პოზიციური შეტევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, რომელიც სომეხმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი, თვითგამოცხადებულ მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მაშინ „სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდეს სომხეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვიზიტს „აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე“.