Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო პერფორმანსის მოწყობისთვის დაკავებული მწერალი ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ტორესა მოსიმ წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.

მოსამართლე თამარ კაპანაძის განმარტებით, ტორესა მოსი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, თუმცა საქმის განხილვა გაგრძელდება 19 ნოემბერს.

„საქმეში მოცულობითი მასალებია წარმოდგენილი, რომლის განხილვასაც დიდი დრო დასჭირდებაო” - განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლო სხდომაზე თავად ტორესა მოსიმ განაცხადა, რომ ეს მისი პოლიტიკური პერფორმანსი იყო და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გამოძიება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ეს მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მისმა მეგობრებმა თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და შენობის კიბეზე გალია დადგეს, რომელშიც მისი ავტორობით დაწერილი წიგნები მოათავსეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ამ სიმბოლოებით, „დატყვევებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტეს“. მისი მხარდამჭერი აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა, მწერალთა სახლში ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს,"მოეგოს გონს."

ტორესა მოსი 12 ნოემბერს იმ დროს დააკავეს, როდესაც თელავში, სუს-ის შენობის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსს მართავდა. მას საკუთარი ავტომობილით შენობის შესასვლელი ჰქონდა ბლოკირებული. ასევე ავტომობილის საქარე მინაზე პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ჰქონდა გაკრული.

ბანერზე ეწერა:

  • სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება 2 პროცენტიანი ბარიერით;
  • რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვა;
  • პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

ტორესა მოსი სამართალდამცავებმა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ჯერ პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მას სამართალდამცავი უწყება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და თელავის სუსის შენობის ბლოკირებას ედავება, რის გამოც 500 ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერეს დაკავებისას.

12 ნოემბერს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა ექვს ქალაქში ჩახერგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების ეზოებში შესასვლელები. ექვსივე ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციებზე პოლიცია დემონსტრაციულად და მასობრივად, რიგ შემთხვევებში აქტივისტების მხრიდან კანონდარღვევის გარეშე აკავებს პროტესტის მონაწილეებს. ადვოკატები წუხან, რომ დაკავების შემდეგ მათ არ ეძელვათ დაკავებულების ნახვის საშუალება, არის შემთხვევები, როცა დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევაც კი ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG