გორში დაკავებულ “გირჩი - მეტი თავისუფლების” აქტივისტებთან უფლებადამცველს არ უშვებენ. ამის შესახებ დაკავებული ბადრი გრიგალაშვილისა და ზურაბ ხომერიკის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა უთხრა მედიას.
"ჯერჯერობით არ მაქვს საშუალება შევიდე და მოვინახულო დაკავებულები. ერთ საათზე მეტია მოსული ვარ, მოტანილი მაქვს ორდერები, სრულიად უმიზეზოდ არ მიშვებენ მათთან. ირღვევა დაკავებულთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები”, - ამბობს ალექსი მერებაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს.
ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი 12 ნოემბერს, დილით იმ დროს დააკავეს, როცა მათ სახელმწიფო უწყების შესასვლელი მანქანით გადაკეტეს. პოლიციელებმა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარის მიღებას ცდილობს.
დღეს, 12 ნოემბერს დილით, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა ექვს ქალაქში ჩახერგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების ეზოებში შესასვლელები.
ექვს ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს. მათგან არცერთი არ არის თბილისის აქციიდან. ზურა გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც თბილისის აქციის მონაწილეა, სამართალდამცავებმა 200-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს. სამართალდამცავებს მისი დაკავება არ შეეძლოთ, რადგან მას პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.