Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩმა მეტი თავისუფლებისთვის" ყავა კრიპტოვალუტაში გაყიდა


ეროვნული ბანკის წინ პარტიამ "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" კრიპტოვალუტაში ყავა გაყიდა, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად ქორგუაშვილი ამბობს, აქციის მიზანი ეროვნული ბანკის საქმიანობის გაპროტესტებაა, მათ შორის, იმ შეზღუდვების გამოც, რომელთა შემოღებასაც ბანკი კრიპტოვალუტის გაკონტროლების მიზნით აპირებს.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ლარის გარდა სხვა ვალუტების დაშვებასაც, იქნება ეს დოლარი, ევრო თუ კრიპტოვალუტა.

"ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი მავნე ორგანიზაცია, რომელიც ფასების ზრდით ძირითადად აღარიბებს ყველაზე ღარიბ მოსახლეობას. ქვეყანაში 14%-იანი ინფლაცია რომ არის, მათი ბრალია. ეროვნულ ბანკს ერთადერთი მოვალეობა აქვს - უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და ამას ვერ აკეთებს. ახლა გადაწყვიტეს, რომ კრიპტოვალუტის რეგულირება დაიწყონ, კრიპტობაზარზე ადამიანები კრიპტოვალუტით ვაჭრობენ, უამრავი ახალგაზრდა ამითი საკუთარ თავს და ოჯახს ინახავს, მათ შორის არიან "გირჩის" მხარდამჭერები. ახლა გადაწყვიტეს, რომ მაგ სფეროშიც შევიდნენ და ეგენიც დაბეგრონ, ამ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მოვედი".

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. სავარაუდოდ, რეგულაციები ფულის გათეთრების ნაწილში განიხილება.

"მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით ვაპირებთ, რომ გარკვეული შეთავაზებები გავუკეთოთ მთავრობას და პარლამენტს. დღეს ფულის გათეთრების ჩარჩო არეგულირებს ყველა რეგულირებად სუბიექტს ეროვნულ ბანკში, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტის გამომუშავებას და მოვაჭრეებს, რადგან, ზოგადად, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ შემოდის კრიპტოვალუტები.

სამომავლოდ გვინდა, რომ ფულის გათეთრების ჩარჩო, რომელიც ეხება სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს, შეეხოს კრიპტოვალუტებსაც",
– ამბობს ლეჟავა.

თუმცა დღევანდელი პერფორმანსის ორგანიზატორები თვლიან, რომ ფულის გათეთრებაზე საუბარი მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ ათიათასობით ადამიანის ფინანსური ინფორმაცია გამოითხოვონ სხვადასხვა ინსტიტუციიდან და, ამასთან ერთად, დაიწყონ კრიპტოვალუტის დაბეგვრა.

XS
SM
MD
LG